logo
ENG



"პატრიოტები" პარლამენტში არ შედიან და 7 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე აქციას გამართავენ

03 ნოე 202014:04
3 წუთის საკითხავი
 
"პატრიოტები" პარლამენტში არ შედიან და 7 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე აქციას გამართავენ

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი პარლამენტს შესვლას არ აპირებს და პერმანენტულ აქციებს იწყებს. პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პირველი აქცია 7 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე გაიმართება. პატრიოტთა ალიანსის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

ინაშვილის თქმით, მმართველი გუნდი პარლამენტში 91 დეპუტატზე მეტს ვერ შეიყვანს და საკანონმდებლო ორგანო არალეგიტიმური იქნება.

"ყველასთვის ნათელია, რომ არჩევნები სამარცხვინოდ და ტოტალურად გაყალბდა. ჩვენს მოწინააღმდეგეებსაც კი ესმით, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ვერ აიღებდა ასეთ დაბალ პროცენტს ანუ 3%-ს. უახლოეს დღეებში ყველა საარჩევნო უბნის მიხედვით დავასახელებთ ბიულეტენების რაოდენობას, რაც ხელისუფლებამ მოგვპარა. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი აცხადებს, რომ უარს ვამბობთ გაყალბებული შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე. მოვითხოვთ ქართულმა ოცნებამ დანიშნოს ხელმეორედ არჩევნები", - განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, პატრიოტთა ალიანსი სხვა ოპოზიციური პარტიებისგან დამოუკიდებლად იმოქმედებს. 

ცესკომ უბნების დათვლა დაასრულა. დათვლილია ქვეყნის მასშტაბით 3847 უბანი.

წინასწარი შედეგები ასეთია:

ქართული ოცნება N41 - 48,15% (926 959 ხმა)

ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია N5 - 27,14% (522 563 ხმა)

ევროპული საქართველო N2 - 3,78% (72 752 ხმა) 

გირჩი N36 - 2,89% (55 600 ხმა)

ლელო N56 - 3,15% (60 691 ხმა)

გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი N27 - 3,15% (60 592 ხმა)

პატრიოტთა ალიანსი N8 - 3,14%  (60 493 ხმა)

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები N24  - 1,33% (25 534 ხმა)

ლეიბორისტული პარტია N10 - 1% (19 281 ხმა)

პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა უარი. ისინი აცხადებენ, ოცნებამ არჩევნები გააყალბა. არჩევნების შედეგების გაუქმება და განმეორებითი არჩევნების ჩატარება ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში - ამ მოთხოვნების შესრულებით ოპოზიციამ მემორანდუმიც გააფორმა. 

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, სადაც ოქმებში დისბალანსი იყო. 

ამასთან, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 117 საარჩევნო უბანთან მიმართებით ითხოვს შემაჯამებელი ოქმების ბათილობასა და შესაბამისი მონაცემების ხელახლა გადათვლას. 


close დახურვა